logo
ENG



"გარეწრებო" - აირზენას თანამშრომლები მიმართავენ მათ, ვინც მოსკოვში ფრენას აპროტესტებს

16 მაი 202321:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/16/zmki2bw7r3rv7xt.jpg

ავიაკომპანია Georgian Airways თანამშრომლების სახელით განცხადებას ავრცელებს და იმუქრება.

განცხადებაში ისინი ხაზს უსვამენ, რომ პატრიოტები არიან და არ ესმით, რატომ არის კრიტიკა მოსკოვში ფრენების დაწყებაზე.

მათი თქმით, "შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ამ ბინძური კამპანიის უკან დგას ის მართული ძალები, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული გრანტების გასამართლებლად მზად არიან, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესის წინააღმდეგ წავიდნენ".

განცხადება:

"შორს ბინძური ხელები ჯორჯიან ეარვეისისგან!

(ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისის თანამშრომლების ღია წერილი)

ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად მოვისმინეთ ჯორჯიან ეარვეისის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

ავიაკომპანიის წინააღმდეგ დაწყებულია ბინძური კამპანია, სრულიად დაუმსახურებლად "გვამკობენ" მიუღებელი ეპითეტებით. ყველაზე გულსატკენი არის ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე მოყენებული თავდასხმა. მოღალატეებს გვეძახიან, რატომ ფიქრობთ რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულებაზეო. ყველა ამ უსაფუძვლო ბრალდების ავტორის გასაგონად გვსურს განვაცხადოთ, რომ სახელმწიფოებს შორის სავიზო რეჟიმის დაწესება ან მოხსნა, საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტა ან აღდგენა რომელიმე ავიაკომპანიის პრეროგატივა არ არის, ამას სახელმწიფოები წყვეტენ. ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია არ ვართ, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენ ქართველი ხალხის დაკვეთა უნდა შევასრულოთ და საქართველოს მოქალაქეებს რა მიმართულებით ექნებათ მგზავრობის სურვილი, იმ მიმართულებებს უნდა მოვემსახუროთ. ქართველი ხალხის სამსახურში დგომის გარდა სხვა პოლიტიკა ჩვენ არ გაგვაჩნია.

ჩვენ ქართველი ხალხის ინტერესებს ომის პირობებშიც ვემსახურებოდით და მშვიდობის პირობებშიც მოვემსახურებით. ჯორჯიან ეარვეისი ის ავიაკომპანიაა, რომლის დამფუძნებლები და თანამშრომლები ახდენდნენ აფხაზეთის ომის დროს ცეცხლმოკიდებული სოხუმიდან ბავშვების, ქალების, მოხუცებისა და დაჭრილების ევაკუაციას და გარდაცვლილი მებრძოლების გადმოყვანას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ბევრი მათგანი შეეწირა ამ საქმეს. ამიტომ, უნამუსობა, უტიფრობა და უსამართლობაა როდესაც ქვეყნის მოღალატეს უწოდებ იმ ხალხს, რომლებსაც საომარ ოპერაციებში მონაწილეობისთვის და იქ გამოჩენილი თავდადებისთვის სახელმწიფო ჯილდოები აქვთ მიღებული.

2008 წლის ომის დროს ჯორჯიან ეარვეისი იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელმაც არ შეწყვიტა ფრენები და საქართველოში ჩამოიყვანა ასობით უცხოელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რომლებმაც მთელ მსოფლიოს აჩვენეს ქართველი ხალხის იმჟამინდელი ტრაგედია. მივმართავთ პროვოკატორებს, ამასაც ქვეყნის ღალატად აფასებთ?! თუმცა, თქვენისთანა გარეწრებისგან ესეც არ იქნება გასაკვირი.

აქვე ხაზგასასმელია, რომ ჯორჯიან ეარვეისში ამჟამადაც დასაქმებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირები.
სამარცხვინოა, როცა ჩვენს კომპანიას ვინმე უბედავს მოღალატის დაძახებას!
შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ამ ბინძური კამპანიის უკან დგას ის მართული ძალები, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული გრანტების გასამართლებლად მზად არიან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესის წინააღმდეგ წავიდნენ.

ჩვენ გვწამს ბრძენი ქართველი ხალხის, რომელიც საღად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და დადგება სიმართლის მხარეს. სიმართლე კი ერთია - ჯორჯიან ეარვეისი იყო, არის და იქნება საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების სამსახურში მდგომი ავიაკომპანია.

მოვუწოდებთ პოლიტიკას მიტმასნილ და ორ გროშზე დაგეშილ ავაზაკებს, ჩვენ მტრის არტილერიას, ტანკებსა და სამხედრო თვითმფრინავებს არ შევუშინებივართ და მითუმეტეს ვერ შეგვაშინებენ თქვენისთანა კომიკური არარაობები. ავიაკომპანიის წინააღმდეგ არც კი გაიფიქროთ რაიმე პროვოკაცია, თორემ მიიღებთ კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს პასუხს.

ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისის თანამშრომლები", - ნათქვამია განცხადებაში.

ავიაკომპანია მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 რეისის შესრულებას გეგმავს. ამის გასაპროტესტებლად მათ ოფისთან აქცია გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.


close დახურვა